გერგეტის სამება
აგების თარიღი და სახელი
ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია (თუმცა ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, XIV საუკუნეშია აგებული), არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ
ისტორია
ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.
გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე, გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.
No comments:
Post a Comment