Saturday, May 12, 2012

ალავერდი



ალავერდი, საკათედრო ტაძარი და მონასტერი, ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე. ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებრეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია. ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა. ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები. ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-VII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7ხ26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნის დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით. ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება - ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში. ტაძარი, უმთავრესად კი , გარე და შიგა პირი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. შემორჩენილია აგრეთვე წარწერები. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ალავერდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში

აბაათა







აბაათას ეკლესია მდებარეობს აფხაზეთში, ძველი გაგრის მიდამოებში, გაგრის (აბაათას) ციხის ტერიტორიაზე...

ციხის გალავანი და კოშკი კარგადაა შენახული. შუა საუკუნეებში ეს ციხე კეტავდა მდინარეების გაგრიფშასა და ჟოაკვარას ხეობას და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზებს. საუკუნეების მანძილზე ციხე-კოშკი არაერთხელ დანგრეულა და განახლებულა. მეოცე საუკუნის დასაწყისში პრინც ოლდენბურგის ბრძანებით ციხის კედლის ნაწილი დაანგრიეს და შიგნით ააშენეს სასტუმრო, ზღვისკენ გამავალი გალავნის ნაწილი კი ჩაიშალა ზღვის ტალღების ზემოქმედებით.



ციხის შიგნით მდებარეობს VI საუკუნის მეორე ნახევარში აგებული სამეკლესიანი ბაზილიკა. ეკლესია აგებულია თლილი ქვით, გეგმაში რთულია - შუა ნავი საგრძნობლად განიერია. საკურთხევლის ღრმა აფსიდი ფასადზე ხუთწახნაგა შვერილის სახით გამოიყოფა, რომელშიც სამი სარკმელია გაჭრილი. გვერდითი ნავების ასევე ნახევარწრიული აფსიდები ფასადზე სწორი სიბრტყით აღინიშნება, თითოეულ მათგანზე თითო სარკმლის ღიობით. ნავები ერთმანეთს კარებებით უკავშირდებიან, რომლებიც გამჭოლად ნაწილდებიან სამივე ეკლესიის განივი ღერძის მთელ არეზე. ეკლესიას დასავლეთიდან ნართექსი აქვს მიდგმული, ერთადერთი საპარადო შესასვლელით. აქედან, სამივე ნავს დასავლეთის მხრიდან დამოუკიდებელი კარებები აქვს. აფხაზეთში ასეთი ტიპის - სამეკლესიანი ბაზილიკის შვერილით გამოხატული საკურთხევლის აფსიდიანი ნაგებობა ერთადერთ მაგალითს შეადგენს.

ღვთისმშობლის სახელზე აგებული ეს ბაზილიკა უძველესია აფხაზეთის ტერიტორიაზე, ძველი გაგრის ტერიტორიაზე. გაგრის ეკლესია არ გამოირჩევა მხატვრული ღირებულებებით, ფორმები და სტრუქტურა მარტივია, ადრეული პერიოდის სამეკლესიანი ბაზილიკების ტიპისაა. მის სიძველეზე მიუთითებს ქვათა წყობა და ადრექრისტიანული სტილი.



ეკლესიის დასავლეთ ფასადზე გამოკვეთილია წრეში ჩახატული - რელიეფური ჯვარი, რომლის ანალოგსაც ვხვდებით ბოლნისის სიონზე და მცხეთის ჯვარზე, დამახასიათებელს ადრექრისტიანული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისათვის..

ამჟამად ეკლესია არ ფუნქციონირებს.

ოთხთა ეკლესია




ფოტოს ავტორი უცნობია

ოთხთა ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი (X საუკუნე). სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ ოთხთადან 5 კილომეტრის დაშორებით, (თურქეთშია, ჭოროხის ხეობაში). ეკლესია წარმოადგენს წერილობითი წყაროებიდან ძველთაგანვე ცნობილი მონასტრის მთავარ ტაძარს. იგი მოხსენებული აქვს გიორგი მთაწმინდელს გამოჩენილ სასულიერო მოღვაწეთა, ათონის ქართული მონასტრის დამაარსებელთა, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების ცხოვრებაში. თვით ბაზილიკის წარწერაში კი ცოცხლად იხსენიება 1001 წელს გარდაცვლილი მეფე დავით კურაპალატი.


სამთავროს ტაძარი





სამთავრო, ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში, სამხრეთ გზასთან, ფერდობზე. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ.ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა და მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა. დიდი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით, მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელწოდება - სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოსულ ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი. ამჟამად სამთავროში დედათა მონასტერია.

ქვათახევი





ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდინარე კავთურას ხეობაში მდებარეობს. პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს და 1126 წლით ათარიღებს, სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ.მეფე თამარს უკავშირებს. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს.


ანანურის კომპლექსი







ანანური — ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან ციხე ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. 1743 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველო რუსეთის ეკონომიკური გაძლიერების შედეგად ანანური ქალაქად იქცა, 1803-1821 წლებში ანანურის მაზრის ცენტრი იყო. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ანსამბლი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. თავდაპირველად აქ მდგარა ამჟამად ციტადელის ცენტრში მოქცეული ხუთსართულიანი კოშკი (XIV-XV სს.). ციტადელის აღმოსავლეთით დგას მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია (XVI-XVII სს.), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი "მკურნალს" ეძახიან. დაახლოებით XVII საუკუნის შუა ხანას ეკუთვნის მცირე გუმბათიანი ტაძარი (ღვთაება). XVII საუკუნის I ნახევარში აშენდა ზედა ციხე, რომლის გალავნის კედლებში ჩატანებულია 4 მრგვალი კოშკი. ანანურის ანსამბლის უმთავრესი არქიტექტურული ნაგებობაა დიდი გუმბათიანი ტაძარი. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში, არაგვის ერისთავის მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით, სარქარ ქაიხოსრო ბაღსარაშვილს აუგია. XVII საუკუნეში აგებული დიდი ეკლესიის აღმოსავლეთით აღმართული სამრეკლოც. ანანურის ქვედა ციხე XVIII საუკუნის დასაწყისშია აგებული. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ნეკრესი



ნეკრესი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. VII. - თბ., 1984. - გვ.374

ნეკრესი, ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის რაიონში, სოფ.შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ცამეტ ასურელი მამათგანი - აბიბოსი (იხ. აბიბოს ნეკრესელი). მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრესს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა; აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ამბროსი მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გ.ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

მცხეთის ჯვარი





მცხეთის ჯვრის მონასტერი - მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. მცხეთა-მთიანეთის მხარე, ქართლი. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქტისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ კავკასიია სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებას". VII საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა (დგას საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხია)


ზეგაანის კომპლექსი





ზეგაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამონასტრო კომპლექსი (V-IX სს.) მდებარეობს გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად. კომპლექსი მოიცავს V საუკუნის წმ. მარინეს ეკლესიას, VI-VII საუკუნეების ყოვლადწმიდის სამეკლესიან ბაზილიკას, რომელიც XVI-XVII სს-ში მოიხატა, და სხვადასხვა დროის მცირე სამლოცველოებს, მარანსა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებს. მონასტერს გარს ევლება დაბალი გალავნის კედელი.

http://ka.wikipedia.org/wiki/ზეგაანის_მონასტერი



ზეგაანის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV.- თბ.,1979.- გვ.492-493.

ზეგაანის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლიე გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად. მონასტრის ნაგებობათაგან აღსანიშნავია VI-VII საუკუნეების ღვთისშობლის სამეკლესიანი ბაზილიკა - ყველაწმინდა. რიყის ქვით ნაგები შენობის კუთხეები, პილასტრებისა და ბოძების იმპოსტები, აგრეთვე სარკმლის საპირეები (გარედან) ამოყვანილია შირიმის კვადრებით. შუა, მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთ აფსიდის კონქი და ბემის თაღი ნალისებრი ფორმისაა. კამარა თლილი ქვის კონსოლებზეა ამოყვანილ სამ საბჯენ ღაღს ეყრდნობა. ნავის დასავლეთ ნაწილში II სართულზე მოწყობილია პატრონიკე. სამხრეთ ეკლესიას აღმოსავლეთ მხარეს აფსიდი აქვს, ხოლო სამხრეთ კედელი ორ მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი სამთაღიანი შესავლელითაა გახსნილი. ჩრდილოეთ ეკლესია უაფსიდოა, მასაც მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი ორთაღიანი შესასვლელი აქვს. მთლიანად ნაგებობისათვის დამახასიათებელია ძირითადი პროპორციებისა და მხატვრული ფორმების იშვიათი გამომსახველობა. მონასტერი შემოზღუდულია გალავნით, რომლის შიგნით შემორჩენილია დარბაზული ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები.



მონასტრის მახლობლად, ტყეში, რიყის ქვით ნაგები წმ. მარინეს ეკლესიაა (VI ს.). გეგმით მარტივ, ჯვრის სახის შენობას, გარედან ორი, ორფერდა სახურავიანი, ურთიერთგადამკვეთი მასის სახე აქვს. შიგნით კამარები ნალისებრია. შემონახულია გვიანდელი ხანის მოხატულობა.

ერთაწმინდა






ერთაწმინდა - სოფელი კასპის რაიონში (ახალქალაქი სოფსაბჭო), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე თეძმის ხეობაში. ზღვის დონიდან 840 მ, კასპიდან 20 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 16 კმ... სოფელში დგას XIII საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - წმინდა ესტატეს ეკლესია. თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორთავისუფლად მდგომ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ფასადების მდიდრული მორთულობა (უმეტესად კარ-სარკმელთა საპირეებისა და ჯვრების ჩუქურთმები) ტექნიკურად კარგი ხარისხისაა, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით მშრალია და დაქუცმაცებული. ეკლესიას გვიანდელი შეკეთება - გადაკეთების კვალი ეტყობა. XVII საუკუნის დასაწყისიდან იგი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ეკლესიაში დაკრძალულია გიორგი სააკაძეს ვაჟის - პაატას თავი, აგრეთვე მწერალი ს.ერთაწმინდელი....

ერთაწმინდა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV. - 1979. - გვ.183.

ერთაწმინდა"ესტატე წმინდის" შეცვლილი ფორმაა. წმიდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში. თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ტაძარს აქვს მხატვრობაც, მაგრამ იგი განსაკუთრებით ფასადებით გამოირჩევა. მას ოთხივე მხარეს დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი ამშვენებს. ისინი მკლავების ფრონტონებიდან იწყება. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია აღმოსავლეთის ფასადი, ხსენებული ჯვრით, ღრმა, მდიდრულად მორთული ნიშებით და დიდი თუ მცირე სარკმლის საპირეებით. საგრძნობლად გვიანდელია ტაძრის გუმბათი, რომელიც რამდენადმე ამოვარდნილია პროპორციებიდან. მდიდრულად არის მორთული ეკლესიის პორტალები, რომლებიც მას სამი მხრიდან აქვს. დასავლეთით ეყრდნობა ორ თავისუფალ სვეტს, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის ბემის კედელთან შერწყმულ ბურჯებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით. ერთაწმინდის ტაძარი სტილისტიკით იმეორებს XII-XIII საუკუნეების ძეგლებს იკორთას, ფიტარეთს, ბეთანიას, ქვათახევს, წუღრუღაშენს და სხვებს. XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი.


დავით გარეჯის კომპლექსი





დავით გარეჯი — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით. დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება "გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი" შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები. დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია,ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები. XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 ალექსანდრე I-მა დიდმა დავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება. სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს), გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები ეწეოდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.

დავით გარეჯის კომპლექსი:

1. დავითის ლავრა

2. დოდოს რქა

3. ნათლისმცემელი

4. ბერთუბანი

5. უდაბნო

6. ვერანგარეჯა

7. წამებული

8. ჩიჩხიტური

9. თეთრი სენაკები

10. მრავალწყარო
11. საბერეები

12. პირუკუღმარი

13. ქოლაგირი

14. დიდი ქვაბები

15. პატარა ქვაბები

16. სატორგე

17. ბერების სერი

18. შავი სენაკები

19. კოწახურა.

ბიჭვინთა







ბიჭვინთა (ძვ.ბერძნ. პიტიუნტი) — დაბა გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1963 წელს. ბიჭვინთის როგორც ქართული ისე ძველი ბერძნული სახელი პიტიუნტი "ფიჭვიდან" (ბერძნ. Pიტიოს) მომდინარეობა. ბიჭვინთის კონცხზე ახლაც არის რელიქტური ფიჭვის კორომები. ბიჭვინთის კონცხზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ცულების განძი და საქართველოს შავიზღვისპირეთის დიუნების ძველ კოლხურ ნამოსახლართათვის დამახასიათებელი ე.წ. ქსოვილიანი კერამიკა ადასტურებს, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევრისა და I ათასწლეულის პირველ საუკუნეებში ბიჭვინთის კონცხზე არსებული კოლხური დასახლებანი. ბიჭვინთა პირველად მოხსენიებულია სტრაბონის "გეოგრაფიაში", როგორც "დიდი პიტიუნი". სტრაბონი ემყარებოდა ძვ.წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფის არტემიდორე ეფესელის ცნობას. ირკვევა, რომ ქალაქი აქ უკვე ელინისტურ ხანაში არსებობდა, თუმცა იმდროინდელი კულტურის ფენები ჯერჯერობით მიკვლეული არ არის. II-III საუკუნეებიდან ბიჭვინთის ციხეში იდგა რომაელთა გარნიზონი, რომელიც რომის იმპერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მისადგომებს იცავდა მთიელთა შემოსევებისაგან. ბიჭვინთა ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი და ძლიერი ცენტრი იყო. IV საუკუნის I მეოთხედში აქ საეპისკოპოსო კათედრა ყოფილა. ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების (325) მონაწილე იყო. ბიჭვინთა დიდ საეკლესიო ცენტრად დარჩა შუა საუკუნეებშიც. აფხაზეთის სამეფოს შექმნის შემდეგ ბიჭვინთაში იჯდა აფხაზეთის კათოლიკოსი, ხოლო საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ (XV-XVI სს.) - აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი. ბიჭვინთის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს 1952 წლიდან (ა. აფაქიძე - 1952-1974 ხელმძღვანელი, 1975 წლიდან - კონსულტანტი; გ.ლორთქიფანიძე - 1975 წლიდან ხელმძღვანელი). მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მონაპივარი (წითელლაკიანი კერამიკა, ნუმიზმატიკური მასალა. ბერძნულ-ლათინური წარწერათა ფრაგმენტები და სხვა) გვიჩვენებს, რომ ბიჭვინთა მძლავრი კულტურისა და სავაჭრო სახელოსნო ცენტრი გვიანდელ ანტიკურ ხანაში. გამოვლინდა II-IV საუკუნეების ციხე, რომლის კედლები, კონტრფორსებითა და კოშკებით არის გამაგრებული. გალავნის შიგნით განლაგებული ყოფილა ნაგებობათა მთელი სისტემა - საცხოვრებელი სახლები, სასიმაგრო, საკულტო და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი (აბანო, მარანი, კერამიკული ქურა, საოქრომჭედლო სახელოსნო და სხვა). ბიჭვინთაში არსებული საკანალიზაციო სისტემა მიგვითითებს გვიანდელი ანტიკური ხანის საქალაქო-სანიტარული კულტურის მაღალ დონეზე, ნაქალაქარის გარეთ, ასევე გალავნით შემოზღუდულ ტერიტორიაზე, აღმოჩენილია ქრისტიანული ტაძრის - სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, რომელსაც შვერილი ხუთწახნაგოვანი აფსიდი ჰქონია. შუა ფართო ნავი გვერდის ნავებისაგან ხუთი წყვილი ბურჯით იყო გამოყოფილი. დასავლეთის მხრიდან ტაძარს ნართექსი ეკვროდა, რომელიც ნავებს 3 შესასვლელით უკავშირდებოდა. ტაძარი V საუკუნეს მიეკუთვნებოდა. იგი აუგუათ, როგორც ჩანს, უფრო ძველი, IV საუკუნის ბაზილიკის ნანგრევებზე, რომელიც რამდენადმე უფრო დიდი ზომისაც ყოფილა და უფრო მდიდრულად მორთულიც. ამას მოწმობს მარმარილოს არქიტექტურული ფრაგმენტები და მოზაიკით შემკული იატაკი. ძველი ტაძრის დასავლეთით აღმოჩნდა კიდევ ერთი, უფრო მცირე ზომის ტაძრის ნანგრევები; ტაძარი, როგორც ჩანს, VI-VII საუკუნეებში აუგიათ. ბიჭვინთის ცენტრში, ნაქალაქარიდან 300 მ-ზე, ჯვარულ-გუმბათოვანი დიდი ტაძარი დგას (X საუკუნის ბოლო - XI საუკუნის დასაწყისი), რომელსაც აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს, დასავლეთით ნართექსი. ფართო მრგვალი გუმბათი თავისუფლად მდგარ ორ ბურჯსა და საკურთხეველის აფსიდის კედლის შვერილებს ეყრდნობა. XIX საუკუნის 60-იან წლებში ტაძრის კედლები შეულესავთ და შეუთეთრებიათ, შემორჩენილია XVI საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ტაძრის ტერიტორიაზე შემონახულია პატარა სამლოცველოები და ეკლესიები. ტყეში, ზღვის პირას, გათხრილია ორაფსიდიანი ტაძრის ნანგრევები (VI საუკუნე).



ბიჭვინთის მოზაიკა:

V საუკუნის მოზაიკური მხატვრობა, რომლითაც შემკული იყო IV საუკუნისსამნავიანი ბაზილიკის იატაკი (ბაზილიკის ნანგრევები აღმოჩნდა ბიჭვინთის კონცხზე 1952 წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების დროს). შედარებით უკეთ იყო შემონახული საკურთხევლის აფსიდსა და სტოაში (ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). ბიჭვინთის მოზაიკა შესრულებულია ადგილობრივი ფერადი ქვის (თეთრი, შინდისფერი, ყვითელი და შავი) ოთხკუთხა ნატეხებით, სუფთად დაფქვილი აგურისა და კირის ხსნარზე. ფონი აგურისფერია. შესრულებულია ადგილობრივი ოსტატების მიერ. თავისი ხასიათით ბიჭვინთის მოზაიკა უახლოვდება მახლობელი აღმოსავლეთის ელინიზებული ქვეყნების სირიისა და პალესტინის მოზაიკურ მხატვრობას. საკურთხევლის აფსიდის ცენტრში დიდი მონოგრამია, ე.წ. "ქრიზმა", შემკული "ალფა" და "ომეგას" ნიშნით. მონოგრამის ორივე მხარეს აკანთის ხვეულების ფართო ზოლია, რომელიც ჩარჩოსავით ევლება მთელ კომპოზოციას. ქრიზმის მარცხნივ მცენარის აყვავილებული და ნაყოფმოსხმული შტოა ფრინველთა გამოსახულებებით. კომპოზოცოა გაფორმებულია გეომეტრიული ორნამენტით (რომბები, ნახევრად რომბები, წრეები). ნართექსის მოზაიკა დეკორატიული ხასიათისაა. გრეხილებისაგან შექმნილ სხვადასხვა ფორმის მცირე არეებში ჩასმულია ფრინველებისა და თევზების მოზაიკური ფიგურები. კარიბჭესთან გამოსახულია შადრევანი და აქეთ-იქიდან ფრინველები. ეკლესიის სხვადასხვა ნაწილში ფრაგმენტებად შემორჩენილია ირმებისა და შვლის ნუკრის გამოსახულებები.

ბიჭვინთის განძი, წარმოადგენს:

ძვ.წ. XV-XIV საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი, აღმოჩენილი 1935 წელს ბიჭვინთის მახლობლად სოფ. ლიძავაში. შეიცავს ორი სახეობის კოლხურ ცულებს, აგრეთვე ადრეული ტიპის ბრინჯაოს ცულს, რომელიც კოლხური ცულის პროტორიპადაა მიჩნეული. დაცულია აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში. ანტიკური დროის მონეტების განძი, აღმოჩენილი ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1958 წელს. შეიცავს II-III საუკუნეების რომის იმპერატორების სახელით მოჭრილ 149 მონეტას, რომელთაგან 10 კესარიული დრაქმა და დიდრაქმაა. 139 კი - ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტა. ბიჭვინთის განძის ყველაზე ადრეული მონეტა მოჭრილია ადრიანეს (117-138) სახელით. უგვიანესი - ფილიპე უმცროსის სახელით (247-249). ბიჭვინთის განძის დაფლვა უკავშირდება გუთების თავდასხმას (256) ბიჭვინთაზე. მონეტები წარმოდგენას გვიქმნიან იმ ღვთაებათა შესახებ, რომელთაც თაყვანს სცემდა ტრაპეზუნტის მოსახლეობა. მონეტების შუბლზე გამოსახულია რომის იმპერატორის პორტრეტი, ზურგზე - რომელიმე ღვთაება (ტიქე, დიონისე, სერაპისი, ჰადესი, ასკლეპიოსი, აპოლონი, აბულანცია, რეა-კიბელე, ჰერაკლე), მონეტების უმრავლესობაზე კი - ადგილობრივი ღვთაება, რომელმაც გააერთიანა მითრასა და კაპადოკიური მთვარის ღვთაების მენის ფუნქციები. მონეტებზე ჩანს ღვთაება მითრას იკონოგრაფიული ცვლილებები II-III საუკუნეების მანძილზე. ეს ღვთაება ადგილობრივ ნიადაგზე უნდა იყოს წარმოქმნილი. ტრაპეზუნტის მფარველ ამ ღვთაებასა და ქართველურ სამყაროში გავრცელებულ მთვარის ღვთაებას შორის გარკვეული მსგავსება ჩანს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საცავებში დაცული ტრაპეზუნტის 315 მონეტიდან 229 აღმოჩნდა ბიჭვინთასა და სოხუმში. IV საუკუნის სპილენძის მონეტების განძი, აღმოჩენილი ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (1962). შეიცავს ალექსანდრიაში, ნიკომედიასა და კიზიკოსში მოჭრილ 310 მონეტას. ყველაზე ადრეული მონეტა მოჭრილია რომის იმპერატორ კონსტანტინე I-ის (306-337) სახელით, უგვიანესი - კონსტანციუს II-ის (337-361) სახელით. ბიჭვინთის განძი მიუთითებს ბიჭვინთის ფართო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე IV საუკუნეში. დაფლული უნდა იყოს IV საუკუნის 60-70-იან წლებში სამხედრო საშიშროების გამო.

ბეთანია





ბეთანია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მდებარეობს თბილისის სამხრეთ-დასავლეთით (90 კმ), ვერის ტყიან ხეობაში (მდინარე ვერის მარჯვენა მხარეს). რესტავრირებულია XIX საუკუნის ბოლოს. გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც. ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავი ნიმუში. გამოირჩევა შესწულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები). საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინაწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა "მაცხოვრის" ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - ძველი აღქმია სცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა "განკითხვის დღის" კომპოზიციას. რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და გიორგი ლაშას პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, 1207-ის ახლოს. ტაძრის დასავლეთით დგას დარბაზული ეკლესია (1196). XX ს. ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.







ბაგრატის ტაძარი







ბაგრატის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე". აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.




ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ - დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.




მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და "სათაურებს". უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენრები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშევენდა.

ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. 1952 წლიდან დაიწყო ტაძრის აღდგენა-კონსერვაციის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნიერული შესწავლა და გამოკვლევა. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ტაძრის რესტავრაცია










გერგეტის სამება



აგების თარიღი და სახელი 

ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია (თუმცა ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, XIV საუკუნეშია აგებული), არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ


ისტორია 

ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.
გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე, გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.