Saturday, May 12, 2012

ალავერდი



ალავერდი, საკათედრო ტაძარი და მონასტერი, ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე. ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებრეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია. ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა. ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები. ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-VII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7ხ26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნის დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით. ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება - ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში. ტაძარი, უმთავრესად კი , გარე და შიგა პირი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. შემორჩენილია აგრეთვე წარწერები. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ალავერდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში

აბაათა







აბაათას ეკლესია მდებარეობს აფხაზეთში, ძველი გაგრის მიდამოებში, გაგრის (აბაათას) ციხის ტერიტორიაზე...

ციხის გალავანი და კოშკი კარგადაა შენახული. შუა საუკუნეებში ეს ციხე კეტავდა მდინარეების გაგრიფშასა და ჟოაკვარას ხეობას და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზებს. საუკუნეების მანძილზე ციხე-კოშკი არაერთხელ დანგრეულა და განახლებულა. მეოცე საუკუნის დასაწყისში პრინც ოლდენბურგის ბრძანებით ციხის კედლის ნაწილი დაანგრიეს და შიგნით ააშენეს სასტუმრო, ზღვისკენ გამავალი გალავნის ნაწილი კი ჩაიშალა ზღვის ტალღების ზემოქმედებით.



ციხის შიგნით მდებარეობს VI საუკუნის მეორე ნახევარში აგებული სამეკლესიანი ბაზილიკა. ეკლესია აგებულია თლილი ქვით, გეგმაში რთულია - შუა ნავი საგრძნობლად განიერია. საკურთხევლის ღრმა აფსიდი ფასადზე ხუთწახნაგა შვერილის სახით გამოიყოფა, რომელშიც სამი სარკმელია გაჭრილი. გვერდითი ნავების ასევე ნახევარწრიული აფსიდები ფასადზე სწორი სიბრტყით აღინიშნება, თითოეულ მათგანზე თითო სარკმლის ღიობით. ნავები ერთმანეთს კარებებით უკავშირდებიან, რომლებიც გამჭოლად ნაწილდებიან სამივე ეკლესიის განივი ღერძის მთელ არეზე. ეკლესიას დასავლეთიდან ნართექსი აქვს მიდგმული, ერთადერთი საპარადო შესასვლელით. აქედან, სამივე ნავს დასავლეთის მხრიდან დამოუკიდებელი კარებები აქვს. აფხაზეთში ასეთი ტიპის - სამეკლესიანი ბაზილიკის შვერილით გამოხატული საკურთხევლის აფსიდიანი ნაგებობა ერთადერთ მაგალითს შეადგენს.

ღვთისმშობლის სახელზე აგებული ეს ბაზილიკა უძველესია აფხაზეთის ტერიტორიაზე, ძველი გაგრის ტერიტორიაზე. გაგრის ეკლესია არ გამოირჩევა მხატვრული ღირებულებებით, ფორმები და სტრუქტურა მარტივია, ადრეული პერიოდის სამეკლესიანი ბაზილიკების ტიპისაა. მის სიძველეზე მიუთითებს ქვათა წყობა და ადრექრისტიანული სტილი.



ეკლესიის დასავლეთ ფასადზე გამოკვეთილია წრეში ჩახატული - რელიეფური ჯვარი, რომლის ანალოგსაც ვხვდებით ბოლნისის სიონზე და მცხეთის ჯვარზე, დამახასიათებელს ადრექრისტიანული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისათვის..

ამჟამად ეკლესია არ ფუნქციონირებს.

ოთხთა ეკლესია




ფოტოს ავტორი უცნობია

ოთხთა ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი (X საუკუნე). სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ ოთხთადან 5 კილომეტრის დაშორებით, (თურქეთშია, ჭოროხის ხეობაში). ეკლესია წარმოადგენს წერილობითი წყაროებიდან ძველთაგანვე ცნობილი მონასტრის მთავარ ტაძარს. იგი მოხსენებული აქვს გიორგი მთაწმინდელს გამოჩენილ სასულიერო მოღვაწეთა, ათონის ქართული მონასტრის დამაარსებელთა, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების ცხოვრებაში. თვით ბაზილიკის წარწერაში კი ცოცხლად იხსენიება 1001 წელს გარდაცვლილი მეფე დავით კურაპალატი.


სამთავროს ტაძარი





სამთავრო, ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში, სამხრეთ გზასთან, ფერდობზე. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ.ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა და მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა. დიდი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით, მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელწოდება - სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოსულ ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი. ამჟამად სამთავროში დედათა მონასტერია.

ქვათახევი





ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდინარე კავთურას ხეობაში მდებარეობს. პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს და 1126 წლით ათარიღებს, სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ.მეფე თამარს უკავშირებს. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს.


ანანურის კომპლექსი







ანანური — ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან ციხე ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. 1743 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველო რუსეთის ეკონომიკური გაძლიერების შედეგად ანანური ქალაქად იქცა, 1803-1821 წლებში ანანურის მაზრის ცენტრი იყო. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ანსამბლი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. თავდაპირველად აქ მდგარა ამჟამად ციტადელის ცენტრში მოქცეული ხუთსართულიანი კოშკი (XIV-XV სს.). ციტადელის აღმოსავლეთით დგას მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია (XVI-XVII სს.), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი "მკურნალს" ეძახიან. დაახლოებით XVII საუკუნის შუა ხანას ეკუთვნის მცირე გუმბათიანი ტაძარი (ღვთაება). XVII საუკუნის I ნახევარში აშენდა ზედა ციხე, რომლის გალავნის კედლებში ჩატანებულია 4 მრგვალი კოშკი. ანანურის ანსამბლის უმთავრესი არქიტექტურული ნაგებობაა დიდი გუმბათიანი ტაძარი. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში, არაგვის ერისთავის მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით, სარქარ ქაიხოსრო ბაღსარაშვილს აუგია. XVII საუკუნეში აგებული დიდი ეკლესიის აღმოსავლეთით აღმართული სამრეკლოც. ანანურის ქვედა ციხე XVIII საუკუნის დასაწყისშია აგებული. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ნეკრესი



ნეკრესი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. VII. - თბ., 1984. - გვ.374

ნეკრესი, ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის რაიონში, სოფ.შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ცამეტ ასურელი მამათგანი - აბიბოსი (იხ. აბიბოს ნეკრესელი). მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრესს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა; აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ამბროსი მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გ.ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.